აღმოჩნდა თუ არა მაღაზიებში გაყიდულ კვერცხში ანტიბიოტიკები - რა აჩვენა კვლევამ

პუბლიკა

მაღაზიებში გაყიდულ, დიდი ფერმების მიერ წარმოებულ კვერცხში ანტიბიოტიკები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღაზიებში გაყიდული კვერცხი სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკების შემცველობაზე შეამოწმეს.

როგორც კობალაძემ განაცხადა, შეამოწმეს შემდეგი დასახელების პროდუქტები: „დილა”, „კოდა”, „კუმისი”, „ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი”, „პატარძეული”, „რა კარგია კვერცხი”, „სავანეთი” , „ზოგე გონივრულად”. პროდუქტის ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე („მეტრონიდაზოლი”, „ქლორამფენიკოლი” – იგივე „ლევომიცეტინი” და „ნიტროფურაზონი”), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს.

კობალაძის თქმით, კვლევა მოქალაქეთა შემოწირულებების ხარჯზე ჩატარდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 2800 ლარი შეგროვდა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ნიმუშები მხოლოდ 3 ანტიბიოტიკზე შევამოწმეთ, რადგან ყველა ტიპის ანტიბიოტიკზე შემოწმება შეუძლებელია. ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ასობითაა. ჩვენ ისეთი ანტიბიოტიკები შევარჩიეთ, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, ფართოდ გავრცელებული იყო და ასევე აკრძალულია, ანუ მათი მეცხოველეობაში გამოყენება დაუშვებელია.

პროდუქტის ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე („მეტრონიდაზოლი”, „ქლორამფენიკოლი” – იგივე „ლევომიცეტინი” და „ნიტროფურაზონი”), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს.

საბედნიეროდ, ეს ანტიბიოტიკები ნიმუშებში არ იყო. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგია, თუმცა, ვერ ვიტყვით იმას, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევს, რადგან სურსათის უვნებლობის კონტროლი სისტემატური პროცესი უნდა იყოს. შეიძლება, ერთი და იმავე ბრენდის პროდუქტი დღეს უვნებელი იყოს, მაგრამ ხვალ მავნე აღმოჩნდეს. ანტიბიოტიკების პრობლემა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა კობალაძემ.