ალეკო ელისაშვილის დაცვის მხარე, ადვოკატები: არჩილ ჩოფიკაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი სპეციალურ პენიტენციური სამსახურის განცხადებაზე საპასუხო განცხადებას ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელდა, ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია და ბრალდებულის განცხადებებთან შეუსაბამო ინფორმაცია. პენიტენციური სამსახურის განცხადება დიდი ალბათობით მიზნად ისახავს პატიმრის დისკრედიტაციას და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას.
როგორც ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა სამართალდამცველების მხრიდან წამების, ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ობიექტი ის წარსულშიც გახდა და დღემდე დამნაშავეები დასჯილები არ არიან.
ალექსანდრე ელისაშვილმა 13.01.2026 წ. პროცესზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაკავების შემდეგ იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გამიზნულად, ზედმეტად მჭიდროდ და დამაზიანებლად ზურგს უკან ედო ბორკილები ხელებზე, საიდანაც სისხლი სდიოდა, ამ ყველაფერს კი პოლიციელი სიამოვნებით უყურებდა.
შედეგად მას ხელებზე განუვითარდა ჭრილობები რისი კვალიც დღემდე ეტყობა. პროკურორს არ უსაუბრია პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე, მიმდინარე გამოძიებასა და მიღწეულ შედეგებზე. ამ დრომდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული.
საგულისხმოა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პროცესის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა, ის ეხება არა მთავარ საკითხებს, არამედ იმას, რომ თითქოს ელისაშვილი ცრუობს და მას სინამდვილეში აქვს პირადი ჰიგიენის ნივთები. როგორც ჩანს, პენიტენციურ სამსახურს არ მოუსმენია გულისყურით ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ამ ეტაპზე აქვს ნივთები, თუმცა დაპატიმრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ აწვდიდნენ პირველადი მოხმარების ნივთებს.
დაცვის მხარის მიერ 30.12.2025 წ. წარდგენილი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ ყოფილა გადმოცემული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ბრალდებული შესახლებულია მე-6 (მაღალი რისკის) დაწესებულებაში და არა მაგ. მე-8 ან, მე-12 დაწესებულებაში (ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება), სადაც ამჟამად იმყოფება ბრალდებულ პოლიტიკოსთა უმეტესობა. პენიტენციურმა სამსახურმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბრალდებულის სხვა, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე (მაგ 12 დაწესებულება).
პროკურორის დადგენილებით პატიმარს აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია.
ბრალდებული პატიმარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ სახელმწიფოს მიერ არასათანადო, უკანონო მოპყრობა, არაადეკვატური და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო აღრმავებს განცდას, რომ ის განგრძობადი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
შესაბამისი პირებისათვის ცნობილია, რომ კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
დაცვის მხარე ვთხოვთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და შესაბამის კომპეტენტურ თანამდებობის პირებს, მომავალში აღარ გავრცელდეს გადაუმოწმებელი და არაადეკვატური ინფორმაცია პატიმრის მიმართ, რომელსაც გარეს ამყაროსთან კონტაქტი აქვს აკრძალული და დასაბუთებული და ქაღალდზე დაწერილი გადაწყვეტილების გარეშე იმყოფება ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს „ცრუსა და ცილისმწამებლურს“ უწოდებს.
„ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით. 2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას.
ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე. პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდადებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი)“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინდელ პროცესზე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება – მოსამართლემ ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელისაშვილი არ ეთანხმება და არ აღიარებს ბრალს – ტერორიზმს, აღიარებს ქმედებას. საქმეს მოსამართლე მზია გარშაულიშვილი იხილავს.