თბილისში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს.
ბინაში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ სახლის კარის გაჭრისას ოთახში შეუშვეს ცრემლმდენი ნივთიერება.
„მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ოთახში მყოფ ადამიანებს პირბადეები უკეთიათ. ჟურნალისტი ამბობს, რომ გაუშვეს ცრემლმდენი გაზი.
„პუბლიკა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს.
პაატა შამუგიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ არც აღსრულების ბიუროს, არც შსს-ს მსგავსი ნივთიერება არ გამოუყენებია და პირიქით, მოქალაქეები ასხამენ მათ წიწაკის სპრეის.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახს ასახლებენ მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი. ადგილზე მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
გამოსახლების ხელშესაშლელად კეკელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები და მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ, გამოსახლების პროცესის დაწყებას ხელი შეუშალონ. ისმის შეძახილები „მონა“, „წადით, წადით!“.
აქციაზე, სავარაუდოდ, დაკავებულია 3 პირი.