აღსრულების ბიურო ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

აღსრულების ეროვნული ბიურო ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესებაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან, და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება 2020 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება.

შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან, და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.

ასევე, მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა.

ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „გირჩის“ ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა გუშინ დაადეს. ყადაღის დადების შესახებ მოსული შეტყობინების ფოტო Facebook-ზე ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ გამოაქვეყნა. ის ანგარიშების დაყადაღებას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კანდიდატურის დასახელებას უკავშირებს. ის ფიქრობს, რომ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა სურთ, რაც ხელს შეუშლის მას კამპანიის ჩატარებაში.