სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მარტს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლების საქმეებზე კვლავ ძველი, პანდემიამდელი, რეჟიმი გავრცელდა, რაც ქვეყანაში გამოსახლების ტალღების დაწყებას ნიშნავს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პანდემიისას, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის ფონზე, ამგვარი ღონისძიებების განხორციელება ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო დონეზე არსებულ რეკომენდაციებს.
„მიგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაარსობრივად აგრძელებს იმ რეპრესიულ ღონისძიებებს, რაც 2020 წლის შემდგომ, უსახლკარო ადამიანების მიერ თვითდახმარების მიზნით აგებული საცხოვრისების დემონტაჟებსა და ამ ადამიანების ფაქტობრივად გამოსახლებასა და უსახლკაროდ დატოვებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ნულოვან მგრძნობელობას, რაც მთავრობას საცხოვრისის საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ აქვს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიმართავს:
საქართველოს მთავრობას და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს:
გააგრძელოს იძულებით გამოსახლებაზე მორატორიუმის რეჟიმი პანდემიისა და მისი დასრულებიდან გონივრული დროის განმავლობაში; მიიღოს ღონისძიებები გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების საჭიროებების იდენტიფიცირების, მათი რეალური მხარდაჭერისა და უსახლკარობის პრევენციის მიზნით.
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს: უმოკლეს ვადებში მოახდინოს გამოსახლების კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.