აღვასრულებთ დღეს, ხვალ თუ ერთი თვის მერე, ვადები შეზღუდული არაა - გომელაური მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ. დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არარის“, – ასე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების დარღვევის მიზეზით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ჯერჯერობით ის არ დაუკავებიათ.