აგვისტომდე საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები არ აღდგება - სააგენტო

პუბლიკა

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც  საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ.

სააგენტო მოქალაქეებსა და მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღისა და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

„ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე”, – ნათქვამია განცხადებაში.