„შევხვდებით აგვისტოში“ – გამოიცა მარკესის ბოლო რომანი, რომლის განადგურებაც სურდა ავტორს

პუბლიკა

„შევხვდებით აგვისტოში“ – კოლუმბიელი პროზაიკოსის, გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. წიგნი არაერთ ქვეყანაში უკვე იყიდება.

რომანი მარკესმა დემენციასთან ბრძოლის დროს დაწერა. მწერალმა სიცოცხლის ბოლო დღეებში შვილებს უთხრა, რომ რომანი გაენადგურებინათ, თუმცა წიგნის გამოქვეყნება მამის გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ შვილებმა მაინც გადაწყვიტეს.

„მათ უღალატეს მამას, წიგნი გამოსცეს და მსოფლიოს აჩუქეს“, – წერს Guardian. 

მარკესის გარდაცვალებიდან 10 წელი 2024 წლის 17 აპრილს გადის.

„შევხვდებით აგვისტოში“ –  რომანი ეხება შუახნის ქალს, რომელიც ყოველ ზაფხულს, აგვისტოში მარტო მიემგზავრება კუნძულზე დედის საფლავის მოსანახულებლად და ყოველი მოგზაურობის დროს ახალ პარტნიორს იჩენს, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულია  და ბედნიერი.

ქალი 27 წელია ცხოვრობს ქმართან  და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ აქვს, თუმცა ყოველი წლის აგვისტოში კუნძულზე ერთი ღამით სხვა ადამიანად გადაიქცევა.

მარკესის ხელნაწერი ტეხასის უნივერსიტეტში ინახებოდა. რომანის საბოლოო ვერსიის რედაქტორია გამომცემლობა Planeta Unidos-ის მთავარი რედაქტორი კრისტობალ პერა.

პერამ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ნაწარმოებისთვის არც ერთი სიტყვა არ დაუმატებია.