პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია ამტკცებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ომისთვის მზადება ერთი წლით ადრე დაიწყო და საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ არსებობდა „ევროატლანტიკური შეთქმულება“ და რომ სააკაშვილი „ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ“, – განაცხადა ინჯიამ.
ფრიდონ ინჯიას განცხადების შესახებ შეკითხვა დაუსვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც თქვა, რომ „გამოძიებას დიდი სიამოვნებით დაუჭერდა მხარს“.
მდინარაძის თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ განმარტებები, როგორ განვითარდა მოვლენები 2008 წლის 7-8 აგვისტოს. მისი მტკიცებით, ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოები არ მსჯელობდა იმაზე, ვინ დაიწყო ან დაასრულა ომი, ისინი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ქართველი სამხედროების დანაშაულებს იკვლევდნენ და ამ საქმეებში გაიმარჯვა საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. თუმცა პირადად მე მაწუხებს კითხვა, თუ რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? პირადად მე, საქართველოს ერთ მოქალაქეს, მაწუხებს კითხვა – რატომ მოხდა რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის მოცემულობა ისტორიულ აღწერილობაში გადავიდა, როცა სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა, რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს – რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ – ამის გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს!“, – განაცხადა მდინარაძემ.