აგვისტოს შუა რიცხვებიდან ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული და კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს ის სხვა შტამებს ჩაანაცვლებს.

„„დელტას“ შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ „დელტას“ შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს „ალფას“ შტამს. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს.