აგვისტოში ღარიბაშვილმა შვილთან ერთად აშშ-ში გასამგზავრებლად ჩარტერული რეისი გამოიყენა - სტრატკომი

პუბლიკა

აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში გასამგზავრებლად ჩარტერული (კომერციული) რეისი გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა, დეტალურ ინფორმაციას კი ღარიბაშვილი ყოველწლიურ დეკლარაციაში გამოაქვეყნებს.

„კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, – წერს ნინო გიორგობიანი.


პრემიერის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის სტრატკომის Facebook-გვერდიც ავრცელებს.

მათი თქმით, ჩარტერული ფრენა განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

პრემიერის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულ პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნანუკა თამაზაშვილმა შვილს აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა 2022 წლის 17 დეკემბერს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა.

შენიშნვა: სათაური შეიცვალა და დაზუსტდა სტრატკომის ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.