აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? - წულუკიანი მეტრეველს

პუბლიკა

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი Facebook-გვერდზე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, რომელიც გუშინ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხზე მოსაზრების გამო გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ ჟურანლისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს იარლიყს აკრავენ.

„ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვეყანაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ადამიანს (თუნდაც მცდარი) რაღაც თემაზე ისე, რომ იარლიყი არ მოგაკერონ, ეგრევე ვიღაცის მონად და აგენტად არ გამოგაცხადონ. ხალხის მტრად არ მოგნათლონ. მერე როგორც ხალხის მტერი კედელთან არ მიგაყენონ დასახვრეტად, “- დაწერა მერაბ მერტეველმა.

სწორედ ამ პოსტს გამოეხმაურა კომენტარში თეა წულუკიანი: 

„აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან „ბაშკის“ ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?! ნწ, ნწ.

რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!…

აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ”, – წერს თეა წულუკიანი.

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ჟურნალისტმა ამ კომენტარზე უპასუხა:

„ქალბატონო თეა, რა აზრის დაშტამპვაზე მელაპარაკებით? მე ვემსახურე აზრის დააშტამპვას?! ანუ ვინც გაკრიტიკებთ, ხოლმე ყველა დაშტამპული გგონიათ? ამის იქეთ ვერ მიდიხართ? ამას მეუბნებით თქვენ, რომელიც ლამის ცენზორად ჩამოყალიბდით მაგ თანმდებობაზე?

ვინც მაგინებს და ჩემს შორის, ასევე თქვენსა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და არც არაპოპულარული აზრების გამოთქმას მოვრიდებივარ ოდესმე“, – წერს მერაბ მეტრეველი.

ჟურანლისტ მერაბ მეტრეველს გუშინ გადაცემაში პოლიტიკოსი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილიც ჰყავდა, რომელსაც სწორედ ნეიტრალიტეტის საკითხზე ესაუბრებოდა.