საგამოძიებო მედია „აი, ფაქტმა” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გურიაში, ლანჩხუთის სოფელ შუხუთში 2-მა რუსმა 14 000 კვადრატული მეტრი იყიდა და კოსმოდრომს აშენებს, პარალელურად კი მედვედევის დადგენილებით დაფუძნებულ „პრავფონდს” საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის.
კერძოდ, გამოძიების თანახმად, შუხუთში კოსმოდრომ „კოლხიდის“ გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეის ავტორები რუსი ქალები, იულია და მარია არხიპოვები არიან. ჟურნალისტურ გამოძიებაში წერია, რომ ისინი რუსეთიდან საქართველოში 2022 წლის თებერვალში ჩამოვიდნენ, ორი კომპანია დააფუძნეს, მიწების ნაწილი იყიდეს, ნაწილი კი ადგილობრივებისგან მოტყუებით მიითვისეს.
„აი, ფაქტის” თანახმად, მარია 46 წლისაა, იულია – 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, თუმცა რეალურად ისინი პარტნიორები არიან, წარსულში კი ცოლ-ქმარი იყვნენ – მარია ტრანსგენდერი ქალია, წარსულში მას ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.
რაც შეეხება „პრავფონდს“, რომლებსაც ისინი მეილებს უგზავნიან და საქართველოდან ინფორმაციას აწვდიან:
„აი, ფაქტს“ ხელში ჩაუვარდა ე.წ. პრავფონდთან მათი წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. ამ მიმოწერებმა „პრავფონდიდან“ გაჟონა და OCCRP-ს (კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) ჩაუვარდა ხელში. „აი, ფაქტი“, როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში.
გამოძიებაში აღნიშნულია, რომ „თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი“ 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა.
მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად. ფონდის მიზანი, ოფიციალურად, რუსული დიასპორებისა და საზღვარგარეთ მყოფი რუსების სამართლებრივი დახმარებაა. არაოფიციალურად კი ფონდი კრემლის მიზნებს ემსახურება: ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოადგენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.
„აი, ფაქტი“ წერს, რომ „პრავფონდი” აფინანსებს ადვოკატებს და ანაზღაურებს საზღვარგარეთ რუსების სამართლებრივი დაცვის ხარჯს; აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს და დიპლომატიურ მხარდაჭერას; მოქმედებს რუსეთის საელჩოებისა და კულტურული ცენტრების მეშვეობით.
ესტონეთისა და ლატვიის დაზვერვის სამსახურების ცნობით, „პრავფონდი“ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინსტრუმენტია. იგი აფინანსებს ე.წ. „სამართლებრივი დახმარების ცენტრებსა“ და პრორუსულ Telegram-არხებს ამ რეგიონებში.
გამოძიების თანახმად, „პრავფონდი“ იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ ვლადიმ კრასიკოვის ადვოკატის ხარჯები დაფარა, სულ – 220 000 ევროზე მეტი. მას გერმანიაში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2024 წელს კრასიკოვი რუსეთმა ამერიკელ ჟურნალისტებში გაცვალა. აეროპორტში მას პირადად პუტინი დახვდა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (FSB), „ალფა”-ჯგუფის ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.
OCCRP-სა და ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT-ს) ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ „პრავფონდი” ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აფინანსებდა კრემლთან დაახლოებულ პირებს, იურისტებს, პროპაგანდისტებსა და აგენტებს.
რა აკავშირებთ არხიპოვებს „პრავფონდთან“?
„აი, ფაქტის” თანახმად, მარია და იულია არხიპოვები, მინიმუმ, 2014 წლიდან თანამშრომლობენ “პრავფონდთან.”
გამოძიების თანახმად, კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობამდე, 2000-იანი წლებიდან, მარია და იულია იურისტები იყვნენ და რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდნენ. მაშინ მარია ჯერ ისევ ევგენი იყო. მან შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია „ადამიანის უფლებებისთვის“. 2023 წლის თებერვალში ეს ასოციაცია იყო ერთ-ერთი, რომელმაც პუტინსა და ლავროვს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით მიმართა. პუტინის ბრძანებულებით, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2023 წლის მაისში გააუქმა.
„პრავფონდი“ არხიპოვებთან თანამშრომლობით ყირიმში შეჭრის პარალელურად დაინტერესდა.
გამოძიების თანახმად, დაინტერესების მიზეზი არხიპოვების ქვიარობა იყო – დასავლეთის თვალში უფრო სანდოდ გამოჩნდებოდნენ.
„პრავფონდმა“ არხიპოვების ასოციაციას „ადამიანის უფლებებისთვის” გადასცა, მინიმუმ, 72 000 ევროს ოდენობის გრანტები. ამ პროექტების მიზანი იყო უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშების მომზადება და ორგანიზაციის საოპერაციო ხარჯების დაფარვა.
2014 წელს არხიპოვების ასოციაციამ მართლაც მოამზადა ანგარიშები უკრაინა-რუსეთის ომში ადამიანის უფლებათა შესახებ. ისინი კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში იყო. კერძოდ, უკრაინის მთავრობა ნეონაცისტებად იყო მოხსენიებული, ხოლო რუსული აგრესია გამართლებული, თითქოს რუსეთი იცავდა ეთნიკურ რუსებს ყირიმში შეჭრის დროს.
რაც შეეხება საქართველოს – „აი, ფაქტის” გამოძიების თანახმად:
2023 წლის მარტში არხიპოვამ რუსეთში გაგზავნა ანგარიში, რომელშიც წერს რუსულ დასახლებებზე, სადაც, მისი თქმით, რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ასეთებია გრიგოლეთი, შეკვეთილი, ურეკი, ფოთი.
არხიპოვას მტკიცებით, აქ მცხოვრები ეთნიკური რუსები რთულ სიტუაციაში არიან, რადგან არ იციან ქართული ენა და სახელმწიფო უწყებებში თარჯიმნები სჭირდებათ; ხდებიან ბულინგის და ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი.
„მათ არ ჰყავს თავიანთი წარმომადგენლები არჩევით თანამდებობებზე, არც ხელისუფლების ორგანოებში, არც ადმინისტრაციაში… რუსული გვარი და წარმომავლობა იწვევს დისკრიმინაციას. ადამიანები რუსული სახელებითა და გვარებით, ვერ საქმდებიან ადმინისტრაციულ ორგანოებში, დეპუტატთა საბჭოებში… მათ მეტი შეზღუდვა აქვთ, ვიდრე ქართველებს. როგორც წესი, დაკავების ან სამსახურიდან გაშვების პირველი კანდიდატები რუსები არიან, ყველაზე დაბალი ხელფასებიც რუსებს აქვთ…” – წერდა არხიპოვა.
გამოძიებაში ნათქვამია, რომ ანგარიშის მეორე ნაწილი რუსული ენის გამოყენებასა და პოპულარიზაციას ეხება. აქვე, არხიპოვა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, საქართველოში რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს. რუსეთის სამთავრობო უწყებებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღწერს, თუ როგორ უჭირთ რუსებს საქართველოში რუსულად კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა რუსული იცის.
„ცნობილია შემთხვევები, როცა საქართველოს პრეზიდენტის მისაღებში [სალომე ზურაბიშვილის] ადგილობრივ რუსებს აძლევენ შენიშვნას იმის გამო, რომ საუბრობენ რუსულად და მიუთითებენ, სახელმწიფო ორგანოებში ქართულად კომუნიკაციისკენ. ეს ქმნის გარკვეულ ვაკუუმს რუსულენოვანი მოსახლეობისთვის და უქმნით მცდარ განცდებს, თითქოს, საჭიროა, წავიდნენ და ა.შ… ეს ვითარება არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე რეგიონისთვის – ასეთი ვითარება გვხვდება ყველგან,” – ნათქვამია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ლიცენზირებული თარჯიმნების სიმწირის გამო, სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში ეთნიკური რუსების უფლებები ირღვევა.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში არხიპოვა გასცემს „რეკომენდაციებს“, რომლებიც საქართველოში რუსების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გატარდეს:
- ვითარების შესაცვლელად რეკომენდებულია აქტიური პოლიტიკის წარმოება და ღონისძიებების გატარება, რომლის მიზანიც უნდა იყოს რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება;
- რეკომენდებულია რუსების პოზიციების გაძლიერება, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სფეროში. ამისათვის აუცილებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე, ახლად ჩამოსული რუსების ჩართვა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობაში;
- რეკომენდებულია საქართველოში მყოფი რუსებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენის პირობების და საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება, რაც საჭიროა მათი პოლიტიკური ემანსიპაციისთვის;
- რეკომენდებულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება, რათა დადგინდეს საქართველოში მცხოვრები რუსების რეალური რაოდენობა.
„აი, ფაქტი“ მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეულწილად, ეხმაურება არხიპოვების რეკომენდაციებს. მაგალითად:
- 2023 წლის ნოემბერში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა და მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდა. ასე მაგალითად, 10-დან 5 წლამდე შემცირდა საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ვალდებულების ხანგრძლივობა; ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1 წლის ნაცვლად 6 თვეში შეეძლება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები ხელმეორედ დაიწყოს, მას შემდეგ, რაც პირველ განაცხადზე უარს ეტყვიან.
- საქართველოში სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის. მაგრამ, 2024 წლის დეკემბერში „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები უკვე საჯარო მოხელეებად აღარ ითვლებიან და ქართული ენის ცოდნაც აღარაა სავალდებულო.
„აი, ფაქტი” ხაზს უსვამს, რომ არხიპოვების მიერ 2023 წლის მარტში რუსებისთვის გაგზავნილ ანგარიშში აღწერილი ამბები შინაარსით და აქცენტებით ჰგავს იმ ანგარიშს, რომელიც მათ 2014 წელს ყირიმში, რუსების უფლებების შეფასებისას დაწერეს. მაშინ არხიპოვა უკრაინის შესახებ წერდა, რომ „ნეონაცისტები“ ავიწროებდნენ რუსებს, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა დევნისა და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და რომ რუსეთის ყირიმში შეჭრის მიზეზი ეთნიკურად რუსების დაცვა იყო.
„აი, ფაქტი“ მიუთითებს, რომ არხიპოვები ახლა საქართველოშიც იმავეს აკეთებენ და შემდეგ ამაზე რუსულ მედიაში აქტიურად საუბრობენ. ამბობენ, რომ რუსების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციები მომდინარეობს ოპოზიციისა და „მაიდნის“ დამგეგმავი ჯგუფისგან და თუ მათი უფლებები დაირღვევა, საქართველოს „დაბრუნებაც“ აუცილებელი გახდება.
„ერთ-ერთი ძირძველი ერი საქართველოში – რუსებია. რუსეთის დიპლომატიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. რუსულ ენას უნდა მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, უნდა გაიხსნას რუსული სკოლები, რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს საქართველოს დაბრუნება ზუსტად ისე, როგორც ახლა ვიბრუნებთ უკრაინას,“ – ამბობდა მარია არხიპოვა 2024 წლის ოქტომბერში რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
მარია არხიპოვა „პრავფონდსა“ და რუსეთის განათლების სამინისტროსთან გაგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სოციალურ ქსელებში რუსულენოვან ჯგუფებს ქმნიან და მართავენ ან უკრაინელები, ან ანტირუსულად განწყობილი პროუკრაინელი რუსები. აგზავნის ამ ადამიანების სიასაც.
„აი, ფაქტის“ თანახმად, ერთ-ერთია Facebook ჯგუფისა და Telegram არხის ადმინისტრატორი, რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ლევშიცი. მარიას მტკიცებით, ეს ადამიანი ჩართული იყო ანტირუსულ აქციებში 2023 წლის 7-9 მარტს, ის იყო ქუთაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ამასთანავე მის ჯგუფში ყველაფერი რუსულ ენასა და რუსულ კულტურაზე მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. მხოლოდ 2023 წელს არხიპოვებს „პრავფონდში“, მინიმუმ, 10 მსგავსი მოხსენება აქვთ გაგზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ დევნიან რუსებს საქართველოში.
„აი, ფაქტის“ თანახმად, არხიპოვები 2023 წელს წერდნენ, რომ საქართველოში ისინი ლალი მოროშკინას უფლებებს იცავენ. მათი თქმით, მოროშკინამ მათ თავად მიმართა, როგორც ადვოკატებს, რადგან მისი რუსეთის ტელევიზიაში გამოჩენის გამო თავდასხმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. არხიპოვები „პრავფონდს“ სთხოვდნენ, მოროშკინას, როგორც ეთნიკურად რუსს, რუსეთიდანაც დახმარებოდნენ.
თუმცა, ლალი მოროშკინამ მედიას უთხრა, რომ არხიპოვები თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა და მათ შესახებ სუს-საც მიმართა.
„ესენი არიან ან შარლატანები, ან მზვერავები, ან აფერისტები. მათი პოსტების სქრინები სუს-საც მივუტანე. იმიტომ, რომ როცა, აი, ასეთი აქტიურობა იწყება სოციალურ ქსელში, ესე იგი, რაღაცა და ვიღაცა დგას ამის უკან. ტელეფონიც მივეცი სუს-ს, ქართული სიმბარათებით ჰქონდათ აღებული. მერე აღარ მომიკითხავს ეს ამბავი“. – უთხრა ლალი მოროშკინამ „აი, ფაქტს“.
„აი, ფაქტი“ ამბობს, რომ მარია არხიპოვა სამკურნალოდ ახლა საფრანგეთში იმყოფება, თუმცა მანამდე, 2024 წლის შემოდგომაზე, თუ მარიას და იულიას სოციალური ქსელის სურათებს და მონიშვნებს დავუჯერებთ, რუსეთში იყვნენ, კერძოდ კი, მარიას მშობლიურ ქალაქ დომოდედოვოში.