„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და „სამართლიანი არჩევნები“ ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, ვინაიდან ის არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას. გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადებით, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს საიმისოდ, რომ იგი გამოყენებულ იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის.
საქმე ეხება ბიუროს გადაწყვეტილებას – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე პირებად ცნოს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება უნდა იყოს საჯარო და მიმართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.
„ანტიკორუციული ბიურო მხოლოდ მსგავსი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, მონიტორინგის ფარგლებში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს სხვა პირებზე.
24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმართლებლად ფართოდ და კანონთან შეუსაბამოდ განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი, გამოიყენა რა თბილისის სააპელაციო სასამართლო მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ „აირჩიე ევროპის“ საქმიანობა „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ დეფინიციაში ექცეოდა. საყურადღებოა, რომ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია სუბიექტის „ხელისუფლებაში მოსვლის მიზანზე“, რომელიც არსებითი ელემენტია მისი “განცხადებული პოლიტიკური მიზნების” მქონე პირად მიჩნევისათვის.
საიას და „სამართლიანი არჩევნების“ აზრით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ დადგენილი „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ ცნების თვითნებური და არასწორი განმარტება, შესაძლოა წარმოადგენდეს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობისა (სამოქალაქო აქტივიზმისა) და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტს.
ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ერთ-ერთ დიდ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმოადგენს, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად. სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს“, – წერია განცხადებაში.
საია და „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები, შეწყვიტოს კანონის თვითნებური გამოყენება და იმოქმედოს საკუთარი მანდატის ფარგლებში.
ანტიკორუფცული ბიუროს დღევანდელი, 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავთ გათვალისწინებული შეზღუდვები.
ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.