„აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება თურქეთის შიდა საქმეა”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია სოფიას საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილება, აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა.
აია სოფია მეჩეთი იყო 1935 წლამდე, თუმცა მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და მუზეუმი გახდა. აია სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა.
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამთ თურქეთის პრეზიდენტს და მმართველ პარტიას.
10 ივლისსვე იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემთხვევაში აია სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.
საქართველოს საპატრიარქომ 9 ივლისს განცხადება გაავრცელა და აია სოფიას შესაძლო სტატუსის შეცვლას გამოეხმაურა.
„აია სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით მოქმედებდა თითქმის 1000 წელიწადი, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება“, – ამბობენ საპატრიარქოში.