ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times ირანის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მიხედვით, ეს არის პასუხი თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე. ბრძანება კი ხამენეიმ დღეს ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა.
ირანი და ჰამასი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელი, რომელიც ღაზას სექტორში ჰამასს ებრძვის, არც აღიარებს და არც უარყოფს ჰანიეს მკვლელობას, რომელიც თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. თუმცა ისრაელს არაერთხელ მოუკლავს პირები, რომლებსაც მტრებად მიიჩნდევდა, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ღაზაში თითქმის 10-თვიანი უწყვეტი ომის პირობებში ირანი ხისტად მოქმედებას ერიდებოდა და ისრაელზე ზეწოლას რეგიონში მოკავშირეებისა და მართული ძალების მეშვეობით ცდილობდა. ამავდროულად ის მოქმედებდა ამ ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირი სრულმასშტაბიანი ომისგან თავის ასარიდებლად.
ირანმა ისრაელზე პირდაპირი იერიში ერთხელ მიიტანა. ეს იყო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი და ღია თავდასხმა ასობით რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით, ისრაელის მხრიდან მისი საელჩოს შენობაზე თავდასხმის საპასუხოდ, რამაც რამდენიმე ირანელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.
თუმცა, ისრაელი ამ თავდასხმის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული და თითქმის ყველა რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ირანის მხრიდან ეს უფრო მეეტად ძალის დემონსტრირებად იქნა აღქმული.