„აიცერი და მოიგე" იწყება | ვინ მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში

პუბლიკა

STOPCOVID ლატარია – „აიცერი და მოიგე” იწყება. გათამაშება ხვალიდან, 14 სექტემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. იქნება ყოველდღიური, ყოველკვირეული და შემაჯამებელი გათამაშება. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.

ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500 ლარამდე მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია საჭირო არაა, ერთხელ მაინც ვაქცინირებული მოქალეები ავტომატურად მიიღებენ ლატარიის ყველა გათამაშებაში ბილეთს.

ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან. შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთერთს და გამოავლენს გამარჯვებულს.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. 

თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

გათამაშების შედეგების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე – stopcov.lotto.ge