„აიღონ დაფინანსება პარტიებმა და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი“ | დოლიძის შეთავაზება

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე პარტიების დაფინანსების თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და შემოთავაზებით გამოვიდა, რომ პარტიებმა აიღონ მათი დაფინანსება და პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი გააკეთონ.

„მედიაში ვცრელდება განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამავე დროს, მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს. ყოველ დღე ათობით მწერს ასეთი, მაგალითად.

მაქვს შემოთავაზება: აიღონ ეს დაფინანსება ამ პარტიებმა („ლელო“, „პატრიოტები“, „გირჩი“, „მოქალაქეები“) და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი. სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცეებში რომ დახარჯონ, ეს მილიონები ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენს. ამით კობახიძე ვერ დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ“, – წერს დოლიძე Facebook-ზე.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 10-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსება სულ 14 პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, თუმცა მათგან 4 პარტიას ცესკოში განაცხადი არ წარუდგენია.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობს 2 ოპოზიციური პარტია – „მოქალაქეები“, „გირჩი“, რაც შეეხება „ლელოს”, მათი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ამ ეტაპზე არ მიუმართავს ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად.