აიღოს პასუხისმგბელობა წერეთლის სამუშაოებზე და წავიდეს - ენმ კალაძის გადადგომას ითხოვს

პუბლიკა

ენმ კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კალაძემ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც გაჭიანურდა, და კალაძემ მერის თანამდებობა უნდა დატოვოს.

,,კახა კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კახი კალაძე არის თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. სწორედ კახი კალაძე გასცემს ხელშეკრულებებს იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. არის პოლიტიკური კორუფცია. ფაქტობრივად, თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება რუსული პარტია და ამას ნამდვილად სჭირდება გამოძიება. ჩვენ ახლა ვაპირებთ კალაძის  კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცება წავიღოთ თბილისის მერიაში, ეს ტალახი უნდა მივუტანოთ კახი კალაძეს და ცხვირწინ დაიდოს, კარგად შეხედოს თავის დანაშაულს, აიღონ პასუხისმგებლობა მომხდარზე და წავიდნენ”, – აცხადებენ ენმ-ში.

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში დაიწყო. სამუშაოების დასრულების თარიღად მერიამ 2024 წლის იანვარი განსაზღვრა.

როგორც ცნობილი გახდა, მერიამ ორ კომპანიასთან კონტრაქტი შეწყვიტა, რომლებმაც სამუშაოების დაგეგმილ ვადაში დასრულება ვერ შეძლეს.

კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სამუშაოები დასრულდება იანვრის ბოლოს, თუნდაც საჭირო გახდეს სამუშაოებში პირადად ჩაერთოს.