„აიისამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის „აიისას“ საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

„აიისას“ დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავდა.

ორგანიზაციის იურისტი რაფიელ კაკაბაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა.

„სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს, რატომ იყო გარკვეული ვიზუალის შეზღუდვა საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლოებმა ვერ შეძლეს, დაეცვათ ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის, მათი შემოთავაზებული დასაბუთება კი არასაკმარისი იყო“, – ამბობს „პუბლიკასთან“ იურისტი.


2018 წლის 4 მაისს, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ 4 პოსტერი „არაეთიკურ რეკლამად“ მიიჩნია და მისი დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ გაჩეჩილაძეს აუკრძალა პრეზერვატივების შეფუთვაზე განთავსებული „არაეთიკური რეკლამების“ გავრცელება/განთავსება. ასევე, გაჩეჩილაძეს დაევალა აღნიშნული „არაეთიკური რეკლამების“ სასაქონლო ბაზრიდან ამოღება.

ანანია გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა, 2018 წლის 18 ივნისს „აიისას“ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოიტანა.