„აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა“ - პეტიცია

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის და პეტიციას ავრცელებს.

პარტიის განცხადებით, აკრძალვა არ უნდა შეეხოს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებს. ამასთან რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში საზღვრის გადმოკვეთა დასაშვები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მასობრივად დაიწყო რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და მათი რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. განსაკუთრებით გაიზარდა ნაკადი რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მშვიდობის უზრუნველყოფას.

განსაკუთრებით საგანგაშოა, 6 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული „საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია“. ახალ კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი.

აქამდე რუსეთს საკუთარი აგრესიული საოკუპაციო სტრატეგიის და საომარი მოქმედებების საბაბად არაერთხელ აქვს გამოყენებული ე.წ. “რუსულენოვანი და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა”. სწორედ ასე მოხდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის დროს, 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის დროს და 2022 წელს კვლავ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რასაც შედეგად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა.

საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ და გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, პეტიციაში მითითებული აკრძალვების ამოქმედდება“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიცია იხილეთ ბმულზე.