აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვის ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

6 ოქტომბერს 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შსს-მ 10 ოქტომბერს დააკავა.

მკვლელობამდე კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. აითაჯის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცმა მისი შვილი, ქორწინების მოტივით, ორი თვის წინ დმანისის სოფლიდან, „საძოვრებიდან გაიტაცა“ და კახეთში, სოფელ ლამბალოში წაიყვანა.

დედა ჰყვებოდა, რომ ბავშვს კაცთან დარჩენა არ სურდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მისივე თქმით, შვილის წამოსაყვანად ვერ მიდიოდა, რადგან კაცი მასაც მოკვლით ემუქრებოდა.

გოგოს დედამ ასევე თქვა, რომ გატაცებისას კაცმა მოზარდი აწამა. თუმცა საჩივრით გოგონას მშობლებსა და ახლობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული კაცი 10 ოქტომბერს დააკავეს.

11 ოქტომბერს კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.