თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ საბჭოს ჯერ არ უმსჯელია 15 მარტიდან აუდიტორიებში სასწავლო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში საფაკულტეტო საბჭოები მსჯელობენ, მათ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით კი საბოლოო გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო მიიღებს. აკადემიური საბჭო არაუგვიანეს მომავალი კვირის დასაწყისისა შეიკრიბება.
უნივერსიტეტში მეორე სემესტრი დღეიდან განახლდა და სწავლა ონალინფორმატში მიმდინარეობს.
„არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ისეა დალაგებული სასწავლო პროცესი, რომ პირველ ეტაპზე, არის თეორიული სწავლების კომპონენტები, შემდეგ ეტაპზე კი პრაქტიკული. შესაბამისად, 1-ლი მარტიდან არ არის საჭიროება, რომ პრაქტიკული კომპონენტებით სწავლება გავაგრძელოთ. ამიტომ, ვაგრძელებთ დისტანციური რეჟიმით. 15 მარტიდან, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც პრაქტიკული სწავლების კომპონენტი აუცილებელია, სწავლა არადისტანციურ რეჟიმით, უფლებამოსილების ფარგლებში გაგრძელდება “, – აცხადებს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე.