აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერას უცხადებენ

პუბლიკა

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აქტივისტებს, გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას, მხარდაჭერას უცხადებენ.

განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე აკადემიური სფეროს 40-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა მოქმედებდნენ ადამიანთა ფუნდამეტური უფლების დაცვის მიზნით და წინააღმდეგობას უწევდნენ გამოსახლების არაჰუმანურ მეთოდებს.

ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, გააცნობიეროს საქმის ვითარება და იმოქმედოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

„2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში აღსრულების პოლიციამ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურა დაიწყო, რასაც ოჯახის მხარდასაჭერად მობილიზებულ მოქალაქეთა ნაწილის სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. ძალადობრივი გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას სამართალდამცავმა უწყებამ პროტესტის 20-მდე მონაწილე დააკავა, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ხასაია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი და ლექტორი, აკაკი ჩიქობავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესის ნაცვლად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ჩვენთვის აშკარაა, რომ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას არ ჰქონიათ დანაშაულებრივი განზრახვა, არამედ ძალადობრივი გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას მოქმედებდნენ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნით, კერძოდ, საცხოვრისის უფლების შენარჩუნებისა და ამ გზით, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსეულ ცხოვრებაზე უფლების დაცვისთვის.   ამრიგად, გიორგი და აკაკი წინააღმდეგობას უწევდნენ გამოსახლების იმ არაჰუმანურ, ძალადობრივ და ღირსების შემლახავ მეთოდებს, რაც, ამჯერად, ხატიაშვილების ოჯახის მიმართ აღსრულების პოლიციამ გამოიყენა.

არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა გვაჩვენებს, რომ საქართველოში გავრცელებული ჭარბვალიანობა, მტაცებლური დაკრედიტება და იძულებითი გამოსახლების პრაქტიკა უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. ამ კვლევების მიხედვით, ქვეყანაში პროგრესულად იზრდება ღარიბი შინამეურნეობების მიერ აღებული ვალი, რაც ოჯახებს კიდევ უფრო აღარიბებს, რადგან ისინი შემოსავლების ნახევარზე მეტს ვალის მომსახურებაში იხდიან.

მაღალი და მზარდი საპროცენტო განაკვეთი, არასტაბილური გარემო და უსამართლო ხელშეკრულებები, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და უამრავ ოჯახს უსახლკაროდ ტოვებს. ეს კი ისედაც გაღარიბებულ ადამიანებს სამუდამოდ სწირავს და უხშობს პერსპექტივას გააჩნდეთ ღირსეული ცხოვრების, შრომისუნარიანობისა თუ კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირობები.

გარდა ეკონომიკური ზარალისა, უკანასკნელი საცხოვრისიდან ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლება უდიდეს ტრავმას ტოვებს ოჯახის წევრებზე – მოხუცებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. ანთროპოლოგიური კვლევები გვაჩვენებენ, რომ ეს ტრავმა და საცხოვრისის დაკარგვით გამოწვეული სირცხვილი თაობიდან თაობასაც კი გადაეცემა, რასაც ვერავითარი მატერიალური კომპენსაცია ვერ გადაფარავს.

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სწორედ, ამ კონტექსტის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევიან. ამიტომ ისინი წინააღმდეგობას არა რომელიმე კონკრეტულ პოლიციელს, თუ აღსრულების ბიუროს კერძო წარმოამდგენელს უწევდნენ, არამედ იმ გარემოს, რომელიც ადამიანების მომავალს სამუდამოდ ასახიჩრებს.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მოვუწოდებთ სახელმწიფოს გააცნობიეროს საქმის ვითარება, გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება და კვლევების შედეგები და იმოქმედოს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების, მოქალაქეებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის უწყებებს გაითვალისწინონ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას საქმის კონტექსტი, სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ აქტივისტური ბრძოლის მნიშვნელობა და ის განზრახვა, რომელიც  ამ ადამიანებს ამოძრავებდათ საერთო საზოგადოებრივი ინტერესების – უსახლკარობისა და გაღატაკებისგან ოჯახების დასაცავად. მოვუწოდებთ სახელმწიფოს  დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა და შეწყდეს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დაკავებულები დროულად გათავისუფლდებიან, რათა მათ შეძლონ აკადემიური საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში წვლილის შეტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

  1. თამთა ხალვაში, ანთროპოლოგიის პროფესორი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  3. მარიამ შალვაშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  4. თამთა მიქელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
  5. მარიამ დარჩიაშვილი, ასისტენტ პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  6. ესმა ბერიკიშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  7. ლიკა ჯალაღანია, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  8. მარიამურდია, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  9. თამთა თათარაშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  10. ქეთევან ლაფაჩი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  11. დათო ლაღიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  12. ქეთევან გურჩიანი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  13. ლინა ღვინიანიძე,სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  14. თეა ქამუშაძე, ანთროპოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ჯიპა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
  15. ბარბარე ჯანელიძე, სოციოლოგიის დოქტორი. მეცნიერ-თანამშრომელი, კასელის უნივერსიტეტი, გერმანია.
  16. თეო ხატიაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
  17. თამარ ქებურია, ლემან-ჰაუფტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტი ისტორიაში, ილიას სახ. უნივერსიტეტი და გიოტინგენის უნივერსიტეტი.
  18. დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  19. ნინო აივაზიშვილი-გენე, სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორი, ვენის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი.
  20. თინათინ ხომერიკი, ასისტენტ პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
  21. ზაალ ანდრონიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების პროფესორი, კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი, ლაიბნიცის ლიტერატურის და კულტურის ცენტრის (ბერლინი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
  22. ელენე გავაშელიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  23. ლუკა ნახუცრიშვილი, ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  24. გიორგი ჭეიშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  25. მარიამ ჭანჭალეიშვილი, გენდერის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  26. გიორგი მაისურაძე, პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  27. კონსტანტინე ერისთავი, პროფესორი ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – ჯიპა. 
  28. ნარგიზა არჯევანიძე, გენდერის მკვლევარი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თსუ სოციოლოგიის პროგრამის დროქტორანტი. 
  29. ნინო ლომაძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  30. თამარ ბაბუაძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  31. ნანა კობიძე, სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი.
  32. ანა ლოლუა – დოქტორანტი ისტორიის მიმართულებით; გეტინგენის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  33. სალომე ცოფურაშვილი, ასისტენტ-პროფესორი გენდერისა და კინოს მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  34. ანა ბოჭორიშვილი, სოციოლოგიის დოქტორი, ტუტორი სოციოლოგიაში, გლაზგოს უნივერსიტეტი.
  35. სოფიო დავითური, სოციოლოგი, ტუტორი ურბანულ კვლევებში, გლაზგოს უნივერსიტეტი.
  36. ლაშა ხარაზი, ფილოსოფოსი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  37. ეთერ ინწკირველი, ფილოლოგი, კავკასიის უნიერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  38. Ია ერაძე, პოლიტ-ეკონომისტი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი და მეცნიერთანამშრომელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
  39. ნინო აბაკელია, საპატიო ემერიტუსი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  40. ირინე ბერიძე, ლიტერატურის და კულტურის კვლევების დოქტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  41. ელისო ჭელიძე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი.
  42. ლაშა ქავთარაძე, დოქტორანტი, ბერგენის უნივერსიტეტი, ნორვეგია. 
  43. თამარ ცხადაძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  44. ნინო აბზიანიძე, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; უფროსი მკვლევარი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
  45. ქეთი სართანია, თანამედროვე საქართველოს ისტორიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირს, მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს.

„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე” – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.