ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ყოფილი რედაქტორის, ამჟამად კი აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ვებ-გვერდის ხელმძღვანელის ნინო ხაჟომიას მეუღლეა.
ხაჟომიამ რედაქტორის თანამდებობა 2020 წლის 28 თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თანამდებობიდან მის წასვლას წინ უსწრებდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე გავრცელებული ვიდეო, რომელშიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს კითხვაზე, თუ სად და რას საქმიანობდა იგი გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ხაჟომია პასუხობს – „ვ**ნაურობდი“.
თავად გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″ 2018 წელს ტელევიზიაში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ტელევიზიიდან წასვლის შესახებ გოგიჩაიშვილმა პირად Facebook გვერდზე განაცხადა, რომ „რუსთავი 2″-ზე ყველა თემის გაშუქება ერთპიროვნული გადაწყვეტილებისა და „პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების” საფუძველზე ხდებოდა.
ბოლო რამდენიმე თვეა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის ნოემბერში ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდგომ მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი დირექტორის გადაწყვეტილებები თანამშრომელთა გათავისუფლებაზე აჭარის მაუწყებელში გამოხატვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას ემსახურება. ბრალდებებს კოხრეიძე უარყოფს.