ახალ აღმაშენებელზე კაფე-ბარების გარე სივრცეების მოწესრიგების ვადა 25 აგვისტომდეა - მერია

პუბლიკა

მერია აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების მეპატრონეებს სივრცის მოსაწესრიგებლად ვადას 25 აგვისტომდე აძლევს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ თუ 24 აგვისტომდე კაფე-ბარების მეპატრონეები თავად არ მიმართავენ მერიას გარე სივრცის შემცირების პროექტით, ინსპექციამ მათი დემონტაჟი დაიწყოს.

„ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის; პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ.

…აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“, – განაცხადა კალაძემ.