ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია „დავიბრუნოთ ქვეყანა“ მიმდინარეობს. აქციაზე მოქალაქეები დღეს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა, რომელიც გამართავს არჩევნებს.
„ჩვენი გეგმა არის ეს: რაც შეიძლება, სწრაფად ჩამოვაყალიბოთ დროებითი მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ გვმართავს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ავტომატურად ჩაეხსნება ქვეყნის მართვას. ახალ, დროებით მთავრობაში იქნება ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაეხსნება ყველა პოლიტიკურ პროცესს. დროებითი მთავრობა, რომელსაც აქვს თქვენი მანდატი, გამართავს არჩევნებს, რომელზეც არ დააშინებენ, არ მოისყიდიან, კარტოფილს ,ზეთსა და ხახვს არ მისცემენ, არამედ ეტყვიან, რომ მოვიდნენ თავისუფლად არჩევნებზე“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.