ახალ ნორმათა მოქმედების ვადად 15 ივლისი განისაზღვრება - ხუნდაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ამ კანონის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებების მოქმედების ვადად  15 ივლისი განისაზღვრება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სახალხო დამცველთან, იურიდიულ კომიტეტთან, ასევე ადამიანების უფლებების დაცვის კომიტეტთან. სახალხო დამცველის რეკომენდაციების  თითქმის უდიდესი ნაწილი არის გათვალისწინებული. იურიდიული კომიტეტის შენიშვნებიც, რეკომენდაციებიც არის გათვალისწინებული. ვადასთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები. საკოორდინაციო საბჭოსაც წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრება, სადაც ესწრებოდნენ ეპიდემიოლოგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარდამავალ დებულებაში იქნება ასახული და ეს ვადა იქნება 15 ივლისი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

გარდა იმისა, რომ მუხლის ჩანაწერში დაემატება ვადა, უფლების შეზღუდვის ნაწილში ასევე ემატება შემდეგი ჩანაწერი:

„ამ მუხლის შესაბამისად უფლების შეზღუდვა უნდა იყოს:
ა) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული;
ბ) კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული;
გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი;
დ) არადისკრიმინაციული;
ე) პროპორციულად შემზღუდველი;
ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს და ა.შ.”.


ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.