ახალ სპორტის სასახლესთან მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფატქზე ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ახალ სპორტის სასახლესთან ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ოჯახი ჰყვება, რომ 16 მაისს თბილისში ახალგაზრდა კაცს ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა – ბექა ონიანის დეიდა „პუბლიკასთან” ამბობს, რომ ბექა ონიანი მძიმე ტრავმებით გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში და ხელოვნურ კომაში იმყოფება.

დეიდის ინფორმაციით, გუშინ სპორტის სასახლეში გამართული მატჩის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ორ სხვადასხვა პირს შორის, თუმცა კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა. მისი თქმით, ამ კონფლიქტთან არ ჰქონია კავშირი ბექა ონიანს, თუმცა მოგვიანებით, გასახდელიდან გამოსულს მას გარეთ დახვდა ერთი პირი და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ახალი სპორტის სასახლეში იყო თამაში, დინამოსა და თსუ-ს შორის. ბექა დინამოს გუნდში თამაშობს და ორ სხვადასხვა ადამიანს შორის მოხდა კონფლიქტი, კონფლიქტი ისეთი არაფერი, მალევე აღმოიფხვრა, გუშინ ხდება ეს. შემდეგ, როცა ბექა გასახდელიდან გამოდის, პარკინგზე ხვდება თსუ-ს გუნდის, მაგ გუნდში მოღვაწე ბიჭი, შესაბამისად, მანქანაში ელოდება, ხედავს, რომ ბექა მიდის მანქანასთან და გადმოდის და აყენებს სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმებს და ადგილიდან გარბის.

ბექა გადმოყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, აქვს ძალიან მძიმე ტრავმები, ხელოვნურ კომაშია, თავის ძვალი აქვს ახდილი, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მხარეს, თუმცაღა თავის ტვინის წნევამ თუ მოიმატა, ამბობენ, რომ შეიძლება, მეორე მხარესაც გავხსნათო. კრიტიკულად მძიმეა მდგომარეობაში. ჩვენთან, ოჯახის წევრებთან არ აქვთ არანაირი კონტაქტი, თუმცა დღეს გამომძიებელს რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ახალი ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, ვერაფერს ვერ მეტყვიან”, – აღნიშნავს ის.