„ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, მივიღე შეტყობინება, რომ 1 თვის ვადაში შეწყდება ჩემთან ხელშეკრულება“ - საჯარო მოხელე

პუბლიკა

იუსტიციის სახლის თანამშრომელი ანა გაგნიძე წერს, რომ 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიიღო.

„მიღებული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მართლა გამეღიმა, პირველი რაც გავიფიქრე, გაფრთხილების ტექსტს შევცვლიდი, ცოტა სინტაქსს და პუნქტუაციასაც შევასწორებდი, მაგრამ ვიცი, რომ ჩქარობდნენ და…

ამის შემდეგ, უბრალოდ თავისუფლება ვიგრძენი -კიდევ ერთხელ, არავის და არაფრის წინაშე ვალდებულება, გარდა ჩემი მოვალეობებისა, რომლებსაც შეზღუდვების ფონზეც კი, მე დღემდე პირნათლად ვასრულებ და სანამ დრო მაქვს, ისევ ასე გავაგრძელებ. გავაგრძელებ, მათ შორის, იუსტიციის სახლის თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, ვისაც ღიად ან შეფარვით, ემუქრება რაიმე ნიშნით ჩაგვრა.“ – წერს ანა გაგნიძე.

მისი თქმით, ხელშეკრულება კიდევ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეუწყდა.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ველოდი, ისევე როგორც, ბევრი გულშემატკივარი, ვისაც მართლა ადარდებდა თავისუფლად აზრის გამოხატვის შედეგები და ის “კეთილისმსურველებიც”, ვისაც საჯარო სამსახური მათი ან/და პარტიის კუთვნილება ჰგონიათ.

თუმცა, გულწრფელად ვფიქრობ, საჯარო სამსახურის რეფორმისა და ნაკოწიწები შედეგების ფეხქვეშ გათელვის და ამასთან, ზოგიერთი “სახეცვლილი” ადამიანის პირობებში, დასაკარგიც ბევრი არაფერი დარჩა და ამიტომ, ‘იმ სანქციებისგან’ განსხვავებით, ეს მართლა ჯილდოა.

ჩემთვის ყოველთვის უძვირფასესი იქნება იუსტიციის სახლი, ორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, სტანდარტებით და მომსახურების ხარისხით ყველაზე ახლოს არის ევროპულობასთან, მაგრამ ამ ორგანიზაციის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო პროგრესულად მოაზროვნე თანამშრომლები, რომლებიც მის სახეს ქმნიან საზოგადოებაში. საერთო განცხადებაზე, საჯარო დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი – 550-ზე მეტი ხელმოწერაც, ჩემთვის ამის ერთ-ერთი დასტურია და რეალური სურათი კიდევ უკეთესი.

ვფიქრობ, ამ განცხადებამ, არათუ დააზიანა ორგანიზაციის იმიჯი, არამედ კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა ორგანიზაციული ბირთვის პროგრესულობა და თავისუფალი აზროვნება. რა თქმა უნდა, არიან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებიც, რომლებსაც ისევე აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება, როგორც ჩვენ, დანარჩენებს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლისთვის, უნდა ავაშენოთ მრავალფეროვანი, გამართული, დემოკრატიული და ევროპული საჯარო სამსახური, რომელიც მერიტოკრატიის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და სადაც მთავრობების ცვლილების დროსაც მთავარი მხოლოდ თანამშრომელთა მიღწევები, პროფესიული უნარები და კომპეტენცია იქნება მათთან შრომითი ურთიერთობის განმსაზღვრელი.

ღრმად მწამს და მჯერა, ამ გზიდან გადახვევა დროებითია. მიუხედავად საჯარო მოხელეების/ მოსამსახურეების დასჯის, რეპრესიებისა და დაშინების მცდელობისა, აუცილებლად ავაშენებთ უკეთეს საჯარო სამსახურსაც და ქვეყანასაც და მეც, ჩემი პატარა წვლილით, აუცილებლად ვიქნები ამ ყველაფრის ნაწილი. და ბოლოს, არცერთი წამით დამიშვია, რომ არ ღირდა საკუთარი აზრის და პრინციპების გამო ბრძოლა, სწორედ ამიტომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმაზე თავდაჯარებული, ვიდრე ოდესმე.“ – წერს ანა გაგნიძე.

ანა გაგნიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მის გათავისუფლებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები დაედო საფუძვლად.

ცვლილებებამდე ის საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი იყო. საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზე საჯარო მოხელეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით.

ცვლილებების შემდეგ კი, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.

„პუბლიკა“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურს დაუკავშირდა რათა მეტი დეტალი გაგვეგო გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ, პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

—————————

დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.

საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იურიდიულ დახმარებას ამ ეტაპზე 66 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს უწევს.

„განგაშის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ყოველი მათგანი საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების ხელმომწერია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ჩვენი ორგანიზაცია მზადაა, დაიცვას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებები“, – ნათქვამია ამ განცხადებაში.

დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.