„ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი”, – ბაჩო ახალაიას მიერ პროცესზე გაკეთებული ამ ფრაზის გამო გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ სამთავრობო მედიები ავრცელებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პუბლიკის“ ზარებს არ პასუხობს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, გამოძიება სსკ-ის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ითვალისწინებს.
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული „იმედი” წერს, რომ საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „კერძოდ, ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ივანიშვილი უნდა დაემხოს”, – წერს „იმედი”.
გუშინ, 8 მარტს ანი ნადარეიშვილის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის:
„მე ვთვილი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი. დასამხობია ყველა შესაძლო გზით, თუ დაჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე 200 წელზე მეტია, გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ…“, – ამბობს ნადარეიშვილის ცნობით, ბაჩო ახალაია.
ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა ბრალდებული.