ახალაიას თქმით, ცოლის დაჭერით დაემუქრნენ, თუ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე მეია მელქაძე განიხილავს.

პროცესი გახსნიდან მალევე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა.

მანამდე ბრალდების მხარემ მოითხოვა, ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს სხდომის დარბაზი დაეტოვებინა.

სხდომის დახურვამდე ბაჩო ახალიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, მის ცოლს დაიჭერდნენ და შვილს 10 წლით ობლად დაუტოვებდნენ. ბაჩო ახალაია პროცესის დახურვის წინააღმდეგი იყო.

„დახურვასთან და გაძევებასთან დაკავშირებით ვიტყვი პოზიციას, არ შეიძლება?

რატომ უნდა დაიხუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? რა უნდა იყოს მიზანი იმისა, ადამიანები რომ არ მოვიდნენ და არ გაიგონ ვინ არის დამნაშავე, ვინ არ არის დამნაშავე, რაშია საქმე, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს? უბრალოდ, ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში.  ადამიანურ ლოგიკას გაძევებაშიც ვერ ვპოულობ, გაძევებაა თუ… ვერ გავიგე, ჩემი მეუღლე არის ბრალდებული თუ არ არის. გასულია დარბაზიდან, არ არის. ახლა საერთოდ დავხუროთ, არავინ შემოვუშვათო…

სისხლის სამართლის საქმეს როცა განვიხილავთ, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, ყველამ ნახოს, ვინ რა დააშავა, ვის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებია. საღი აზრი ასეა. უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს. ეს დახურვა, ჩემი ღრმა რწმენით, არის მთელი იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. რატომ ითხოვენ ამას, მიზეზი რა არის?

ქალბატონო მოსამართლე, რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც იყო უცნაური რაღაცები. ჯერ ადვოკატებს წარუდგინეს გაუთქმელობის ხელწერილები, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე ამის, მინდა სრული საჯაროობა მთელი პროცესის. მინდა, რომ ყველა მტკიცებულება ყველამ ნახოს და ყველამ მოისმინოს. ციხეში გაშვება-არგაშვების საკითხს წყვეტთ, აქ საერთოდ რა არის დასახური?

კიდევ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ეხება ისევ იმ ადამიანს, რომელიც თქვენ გააძევეთ, უკაცრავად, დაატოვებინეთ დარბაზი.

რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, ამ ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელიც ვერ გაირკვა ბრალდებულია თუ არ არის ბრალდებული, ჩემთან ერთად დააკავეს და სუსის შენობაში გასაგებად, ნათლად, ქართულად, მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერ, ან დანარჩენ ადამიანებს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს, ყველას, ამხელ ძალადობის ორგანიზებაში. აი, ეს მითხრეს ღიად ამ ადამიანზე.

თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან, რომ შენს ცოლს დავიჭერ და სიტყვა-სიტყვით მეუბნებიან, 13 წლის ბავშვს 10 წლით ობლად დაგიტოვებთო, ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს?! მე მითხრეს გასაგებად! ახლოს მეჯდა ადამიანი, რომელიც ამას მეუბნებოდა, ან იტყვი, რომ ბურჭულაძე და სხვები ჩადიოდნენ [დანაშაულს], აი ახლა წუთები გაქვს, 15 წუთი გაქვს, 20 წუთი გაქვს, მერე [თქვეს] კაი, თუ შენ არ მონაწილეობდი, ის მაინც თქვი, რომ იცოდი, თორემ დავიჭერთ შენს ცოლსო. ამაზე გასაგები პასუხი ვუთხარი.

უნდა გესმოდეთ, რას ხურავთ, [საქმეს] სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმისთვის, თუ ჩემს მეგობრებზე არ ვიტყვი, რაც თვითონ მოუნდებათ, იმას. არა ვუთხარი. იცით, როგორ გააგრძელეს? აბა, კარგად დაფიქრდი მეგობარო, შენი ბავშვი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზეო. ამაზეც არა ვუთხარი, ოღონდ დავამატე კიდევ. ეს არის ტერორიზმი, ვინც ამას აკეთებს. მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და მაიძულებდა ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ეს არის ტერორიზმი და ასე შევუთვალე, ვინც შემოთვალა ეს წინადადება, საფლავიდან ამოგთხრი!

ამის დახურვა უნდათ, იმ სახელების და გვარების, ვინც ეს მე შემომითვალა და ვისაც მე პასუხი შევუთვალე.

მთელი გონება გადავქექე ამ ორ დღეში და პრეცედენტი ვერ ვიპოვე ვერსად, შეიძლება გამომრჩა – მე არ მინახავს, კაცს უთხრან, ცოლს დაგიჭერ შენი ძმაკაცების წინააღმდეგ არ იტყვი რაღაც საშინელებასო. არ მსმენია საერთოდ. ბოლოს გამახსენდა სტალინის ეპოქა. რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი?!

ეს მოხდა ამ საქმეში, ამ ბრალთან დაკავშირებით. თუ დაიხურება საქმე, ქალბატონო მეია, რა გაქვთ მტკიცებულებები? ამ კაცის სახელი არ გაინტერესებთ? საქართველომ არ უნდა იცოდეს, ვინც ამას აკეთებს? ტერორისტები ხართ, ტერორისტები, რომლებმაც ცოლ-შვილი აიყვანეთ მძევლად და მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ!“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მას შემდეგ რაც მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სხდომა ბაჩო ახალაიამაც დატოვა.


„ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი “ – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით. სუსის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა ბრალდებული.

პროკურატურის მტკიცებით, „ბაჩო ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.“