ახალაიას თქმით, ცოლის დაჭერით დაემუქრნენ, თუ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე მეია მელქაძე განიხილავს.

პროცესი გახსნიდან მალევე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა.

მანამდე ბრალდების მხარემ მოითხოვა, ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს სხდომის დარბაზი დაეტოვებინა.

სხდომის დახურვამდე ბაჩო ახალიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, მის ცოლს დაიჭერდნენ და შვილს 10 წლით ობლად დაუტოვებდნენ. ბაჩო ახალაია პროცესის დახურვის წინააღმდეგი იყო.

„დახურვასთან და გაძევებასთან დაკავშირებით ვიტყვი პოზიციას, არ შეიძლება?

რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? ადამიანები რომ არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის დამნაშავე, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს? მე ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში. ადამიანური ლოგიკა ვერ ვიპოვე. ადამიანურ ლოგიკას გაძევებაშიც ვერ ვპოულობ, ვერ გავიგე, ჩემი მეუღლე არის ბრალდებული თუ არა.

სისხლის სამართლის საქმეს როცა განვიხილავთ, ყველამ უნდა ნახოს, რა მტკიცებულებებია. ეს დახურვა, ჩემი ღრმა რწმენით, არის მთელი იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. რატომ ითხოვენ ამას, მიზეზი რა არის?

ქალბატონო მოსამართლე, რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც იყო უცნაური რაღაცები. ჯერ ადვოკატებს წარუდგინეს გაუთქმელობის ხელწერილები, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მინდა საჯაროობა მთელი პროცესის. ციხეში გაშვება-არგაშვების საკითხს წყვეტთ, აქ საერთოდ რა არის დასახური?

კიდევ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ეხება იმ ადამიანს, რომელიც თქვენ გააძევეთ, უკაცრავად, დაატოვებინეთ დარბაზი. რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, ამ ადამიანზე ვერ გაირკვა, ბრალდებულია თუ არა, ჩემთან ერთად დააკავეს და სუსში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერ, ან დანარჩენ ადამიანებს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს, ყველას, ამხელ ძალადობის ორგანიზებაში. აი, ეს მითხრეს ღიად ამ ადამიანზე.

თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან, რომ შენს ცოლს დავიჭერ და სიტყვა-სიტყვით მეუბნებიან, 13 წლის ბავშვს 10 წლით ობლად დაგიტოვებთო, ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს?! მე მითხრეს გასაგებად. ახლოს მეჯდა ადამიანი, ან იტყვი, რომ ბურჭულაძე და სხვები ჩადიოდნენ [დანაშაულს], თორემ დავიჭერთ შენს ცოლსო. ამაზე გასაგები პასუხი ვუთხარი.

უნდა გესმოდეთ, რას ხურავთ, [საქმეს] სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით… არა ვუთხარი. იცით, როგორ გააგრძელეს? შენი შვილი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზეო. ეს არის ტერორიზმი, ვინც ამას აკეთებს. მძევლად აიყვანეს ჩემი ცოლ-შვილი და მაიძულებდნენ ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. საფლავიდან ამოვთხრი, ვინც ეს წინადადება შემოთვალა… ამის დახურვა უნდა, იმ სახელების და გვარების, ვინც ეს შემომითვალა და იმ სახელების, ვინც ეს გააკეთა.

რამე არამშვიდს მატყობთ? მთელი გონება გადავქექე ამ ორ დღეში და პრეცედენტი ვერ ვიპოვეე. მე არ მინახავს, კაცს უთხრან, ცოლს დაგიჭერ შენი ძმაკაცების წინააღმდეგ თუ არ მისცემ ჩვენებასო. რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი? ამას ვასაბუთებ. იხურება ეს, ეს მოხდა ამ საქმეში, ამ ბრალთან დაკავშირებით. თუ დაიხურება საქმე, ქალბატონო მეია, რა გაქვთ მტკიცებულებები? მა კაცის სახელი საქართველომ არ უნდა იცოდეს, ვინც ამას აკეთებს? ტერორისტები ხართ, ცოლშვილი აიყვანეთ მძევლად და მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ.“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მას შემდეგ რაც მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სხდომა ბაჩო ახალაიამაც დატოვა.


„ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი “ – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით. სუსის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა ბრალდებული.

პროკურატურის მტკიცებით, „ბაჩო ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.“