პარლამენტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
პარლამენტის მიღებული ცვლილების თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ახალ პრეზიდენტს და საქართველოს ყოველ მომდევნო პრეზიდენტს, 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია. […] საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის არჩევით დასრულდება სახელმწიფოს სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლის პროცესი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება პარლამენტის სასახლეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის საქართველოს პარლამენტის სასახლეში გამართვა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის ლოგიკური და აუცილებელი გაგრძელებაა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.