ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.


ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ,  ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი  მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.