ახალციხეში აცრილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

ექთანი, რომლის მდგომარეობაც, ახალციხეში აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას „პუბლიკასთან“ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს.

ტურძელაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ექთნის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი თქმით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტის მდგომარეობაზე უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი  მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობას და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან ერთად დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში.