ახალციხეში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს

პუბლიკა

ახალციხეში, სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რკინის კონსტრუქცია, რომელიც პირველად სტალინის 100 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთეს, სამი წლის წინ ქარმა დააზიანა.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ადგილობრივები ამბობენ, რომ კონსტრუქცია სოფლის მოსახლეობის საერთო ხარჯით აღადგინეს და მისი ჩამოხსნის უფლებას არავის მისცემენ.

„დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთეთ, ფული შევაგროვეთ სოფელმა. ვისაც არ მოსწონს ნუ შეხედავს. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩამოხსნან. ეგ ერთი კაცი გვყავდა მსოფლიოში, ახლა რომელია ასეთი კარგი მითხარით“, – ამბობენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები.

გამოცემა მერიის პოზიციასაც ავრცელებს. მერის წარმომადგენლის განმარტებით, უწყება მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდა.

2011 წელს საქართველომ მიიღო „თავისუფლების ქარტიის“ კანონი, რომლის კრძალავს კომუნისტურ ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ქუჩებს, მოედნებს, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს, აგრეთვე, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელ და პროპაგანდის სხვა საშუალებებს.

რა რეაგირება ექნება სახელმწიფო უწყებებს, ამის გასარკვევად „პუბლიკა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.