„ახალგაზრდა კაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა" - საგამოძიებო ახალი დეტალებით წყნეთში მომხდარზე

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ წყნეთში გუშინ, 18 აპრილს, 30 წლის კაცის მოკვლის ამბავზე ბრიფინგი გამართა და მტკიცებულებებითა და თვითმხილველი მოწმეებისგან მიღებული ინფორმაცია გააცნო.

კაციტაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი [სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება] და გაქცევა დააპირა. პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, მაგრამ ამ დროს გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვა მოჰყვა.

„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა.

მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, – ამბობს კაციტაძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც პოლიციის დეტექტივი დააკავეს.