ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე 2 არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, თბილისში ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალდება წარედგინათ. ერთ მათგანს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მეორეს დანაშაულის შეუტყობინებლობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა“, – წერია განცხადებაში.

მეორე არასრულწლოვანი 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.