ახალგაზრდა ქალს კოვიდინფექცია უკვე აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი მეათე ადამიანი, ახალგაზრდა ქალს რომელიც მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიოდა, კოვიდ ინფექცია აღარ ჰქონდა და ის ინსულტით გარდაიცვალა.

„ეს იყო ერთადერთი ახალგაზრდა, მაშინ, როდესაც აშშ-ში გარდაცვლილთა 20%-ი 20 წლიდან 64 წლამდეა. საქართველოში ეს იყო სამწუხარო, თუმცა ერთადერთი შემთხვევა, როცა 68 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი გარდაიცვალა. ამ ქალბატონს ასევე აღარ ჰქონდა კოვიდინფექცია, პასუხი ვირუსზე იყო უარყოფითი, მაგრამ  მას ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი და ის გარდაიცვალა ინსულტით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ მოუფრთხილდნენ ხანდაზმულებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს. მან ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ დაიცვან წესები.

„ნუ გაუთამამდებიან ახალგაზრდები, რადგანაც გაცილებით უფრო იშვიათად, მაგრამ არც თუ ძალიან იშვიათად უცხოეთის ქვეყნებში არის გარდაცვალების შემთხვევები ახალგაზრდებში“, – თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით მეათე ადამიანი 8 მაისს გარდაიცვალა. გარდაცვლილი მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიოდა.