„ახალგაზრდა სტალინის“ ავტორი წიგნის ეკრანიზაციაზე სამუშაოდ თბილისში იმყოფება

პუბლიკა

ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი და ავტორი წიგნისა „ახალგაზრდა სტალინი“ საიმონ სებაგ მონტეფიორე თბილისში იმყოფება.

„თბილისში ვარ, „ახალგაზრდა სტალინის“ მიხედვით ფილმზე სამუშაოდ“, – დაწერა ავტორმა თავის Instagram-ზე.

IMDB-ის მიხედვით, პროექტი განვითარების ეტაპზეა და მისი რეჟისორი გელა ბაბლუანი იქნება. წიგნის ავტორთან და რეჟისორთან ერთად სცენარისტებს შორის არიან ირაკლი სოლომონაშვილი და რუპერტ ლოიდი, პროდიუსერები – არჩილ გელოვანი და რუპერტ ლოიდი.

როგორც კინოცენტრის Facebook-გვერდზე ვკითხულობთ, ავტორი საქართველოს კინოცენტრის პარტნიორი პროდიუსერების ორგანიზებით სტუმრობს.

კინოცენტრის ხელშეწყობით სიმონ მონტეფიორემ „მწერალთა სახლში“ „ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა“, თუმცა დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უწყებას, ტრადიციულად, არ გაუსაჯაროებია და მის შესახებ საზოგადოებას მხოლოდ დასრულების შემდეგ სოციალური ქსელით აცნობა.

კინოცენტრის ცნობით, „საუბარი შეეხო ავტორის შემოქმედებას, დოკუმენტური პროზისა და ლიტერატურული ნაწარმოების კინოადაპტირების ხერხებს“.

„ახალგაზრდა სტალინი“ 2007 წელს გამოიცა და 10-წლიან კვლევაზე დაყრდნობით მოგვითხრობს, რა გზა განვლო სემინარიელმა ბიჭმა სასტიკ დიქტატორობამდე.