ახალგაზრდები: „ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე

პუბლიკა

„29 აპრილს, „ოცნების” კონტრაქციის პარალელურად, არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილნი რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების სახელით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის მიზანი არასდროს ყოფილა თანამოქალაქეებთან დაპირისპირება და არავის მისცემენ შანსს, რაიმე სახის პროვოცირება მოხდეს. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს გააგრძელებენ.

ახალგაზრდების განცხადება:

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ 29ში „ქართული ოცნების” კონტრაქციის საპასუხოდ. ჩვენი პასუხი არის ერთადერთი – ერთობა და მშვიდობა. ჩვენ მივდივართ უძრაობის წინააღმდეგ ჩვენი მოძრაობით.

ჩვენ, აქციებზე დგომით, ისეთი ქვეყნის მიღწევას ვცდილობთ, რომელშიც ვიცხოვრებთ აბსოლუტურად ყველა, ვიქნებით ერთიანად, მშვიდობიანად და რომელიც იქნება ყველასთვის, რუსული კანონების გარეშე.

ჩვენ, 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილნი რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან გვესმის, რომ ეს მხოლოდ გამოიწვევს პროვოკაციას. ჩვენ არ დავუპირისპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, სანამ ისინი აქ იქნებიან და არანაირად არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია და პროვოცირება მოახდინოს.

ხელისულება, რომელიც მუდმივად საუბრობს მშვიდობაზე, ირჩევს დაპირისპირების და პროვოკაციის გზას კონტრაქციით. ჩვენი პასუხი არის სხვანაირი. ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას.

ვაცნობიერებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვაგრძელებთ მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ჩვენი ბრძოლის მიზანი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ჩვენს მოქალაქეებთან, თანამოქალაქეებთან, რაიმე სახით დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენ არ დავუპირისპირდებით ადამიანებს რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც, ფაქტობრივად, ძალით უწევთ რუსთაველის გამზირზე დგომა „ქართული ოცნების” აქციაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ერთ მხარეს დგას მთელი ქართული საზოგადოება, მეორე მხარეს კი – „ქართული ოცნების” პოლიტიკოსების მცირე ჯგუფი, რომელსაც სურს რუსული კანონის მიღება. ჩვენ, ჩვენს თანამოქალაქეებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. პირიქით, ჩვენ ვმოძრაობთ მხოლოდ ერთიანი და ბედნიერი საქართველოსკენ ჩვენი ამ აქტით და ამ ნაბიჯით.

დღეს დაპირისპირება არის ის, რაც აწყობს მხოლოდ ჩვენს მტერს, რუსეთს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ მივმართავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება მიმართული დაპირისპირების შექმნისკენ და გააჩენს ამის შანსსაც კი. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, ჩვენ მათაც მოვუწოდებთ, რომ არ მიმართონ ისეთ ნაბიჯებს, რომ მოხდეს მოქალაქეების პროვოცირება.

შევხვდებით დღეს საღამოს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშზე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენი ბრძოლა მართალია და მშვიდობით, ღირსებით, თავშეკავებით და სიმართლით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ჩვენს მიზანს”, – განაცხადეს ახალგაზრდებმა.


„არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი“, – 28 აპრილს სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.

აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება, უერთდებიან საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები.

29 აპრილს კი „ქართული ოცნება” კონტრაქციას აწყობს. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა „მცირეა” და ისინი „რადიკალური ოპოზიციის” მიერ არიან შეცდომაში შეყვანილი.