ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების ტენდენცია გრძელდება და ამის შესაჩერებლად, საჭიროა საქართველოში მეტად კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, სწორედ ამისკენ არის მიმართული მისი სამინისტროს ნაბიჯებიც, მათ შორის, ტექნოლოგიების სფეროს განვითარების კუთხით.
„ეს ტენდენცია დიდი ხანია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ტენდენციაა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდებს მეტი საშუალება მივცეთ საქართველოში დასაქმების და ინტერესი გავუჩინოთ.
ზუსტად აქეთკენ არის ყველა პროგრამა მიმართული, რასაც მათ შორის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აკეთებს. სტარტაპ ინიციატივები, ტექნოლოგიები, IT კადრების მომზადება და გადამზადება, საქართველოში უფრო მიმზიდველი IT გარემოს ჩამოყალიბება. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ახალგაზრდებისთვის კეთდება და ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია ყველანაირად შეიცვალოს.
ამიტომ მთლიანად ეკოსისტემა უნდა შევცვალოთ და საქართველო უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა და უნდა იყოს კონკურენტული გარემო.
ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტაბილური ეკონომიკური გარემო არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს გარემო იყოს მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის და საქართველოს ირჩევნდნენ, როგორც სასურველ საცხოვრებელ არეალს, როცა აქვთ არჩევანი, თავიანთი კარიერა სხვადასხვა ადგილას გააგრძელონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრს დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ, რომლის ფარგლებშიც დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა დაუსვა მას შეკითხვა, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ქვეყნიდან ახალგაზრდა მუშახელის გადინების შესაჩერებლად.