ახალგაზრდების მხოლოდ 34% ეცნობა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას - კვლევა

პუბლიკა

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები პოლიტიკისადმი ძირითადად აპათიურად არიან განწყობილნი. 62% ამბობს, რომ პოლიტიკით დაინტერესებული არ არის.

ბევრი ახალგაზრდა ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკას და უჭირს თავის მონიშვნა სკალაზე.

ასევე, ახალგაზრდების 44% დადებითად აფასებს დემოკრატიის ამჟამინდელ მდგომარეობას ქვეყანაში – საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებები, აღქმები და მოსაზრებები ფრიდრიხ ებერტის ფონდმა (FES) იკვლია.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი მიმოიხილავს, როგორ აღიქვამენ ახალგაზრდები პოლიტიკის საკითხს. ანგარიშში მოცემულია დემოკრატიის აღქმა, პოლიტიკური ჩართულობისადმი ინტერესი და ჩართულობის გამოცდილება, ასევე რამდენად კარგად ესმით ახალგაზრდებს ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიები.

ანგარიშის მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობა დემოკრატიის მომხრეა და გამოკითხულთა 3/4 ნაწილობრივ ან მთლიანად მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატია საქართველოს მართვის საუკეთესო სისტემაა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი დადებითად აფასებს დემოკრატიის ამჟამინდელ მდგომარეობას ქვეყანაში (44%).

რაც შეეხება პოლიტიკისადმი ინტერესს, გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები ძირითადად აპათიურად არიან განწყობილნი.

„ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული. ისინიც კი, ვინც მეტ-ნაკლებადაა დაინტერესებული პოლიტიკით, იშვიათად განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს თანატოლებთან თუ ოჯახის წევრებთან, ნაკლებად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს. ახალგაზრდების 62% აღნიშნავს, რომ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით, 10% არ არის ძალიან დაინტერესებული, დაახლოებით მეოთხედი, გარკვეულწილად, დაინტერესებულია და მხოლოდ 4% არის ძალიან დაინტერესებული.

ახალგაზრდების დაახლოებით ერთი-მესამედი (38%) აღნიშნავს, რომ ან ნაკლებად დაინტერესებულია, ან გარკვეულწილად, ან ძალიან დაინტერესებულია პოლიტიკით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკით. უმუშევარ რესპონდენტებთან შედარებით (34%), ათი პროცენტით მეტი დასაქმებული ახალგაზრდა (44%) ინტერესდება პოლიტიკით. ამასთან, თბილისს გარეთ მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები (43%) უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით.

ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით, ასევე ჰკითხეს პოლიტიკური საკითხების განხილვის სიხშირის შესახებ. ახალგაზრდების თითქმის სამი მეოთხედი (მათ შორის, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია პოლიტიკით) არასდროს (25%), ან იშვიათად (51%) განიხილავს პოლიტიკას მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ყოველი მეხუთე რესპონდენტი ამბობს, რომ ხშირად, ხოლო 4% – ძალიან ხშირად განიხილავს პოლიტიკას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშით, „პოლიტიკის მიმართ აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ეცნობა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

გამოკითხულთა 34% მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა, ხოლო ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (22%) – კვირაში ერთხელ მაინც. გამოკითხულთა 28% თითქმის არ ეცნობა პოლიტიკურ ახალ ამბებს, ხოლო 15% ეცნობა პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც. ეთნიკურად ქართველი, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უფრო ხშირად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს.

  • ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი თანატოლების ინტერესები არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში. გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანების ინტერესები სუსტად ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში.
  • ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილი გეგმავს პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ახალგაზრდების მხოლოდ 17% ამბობს, რომ სიამოვნებით ან სავარაუდოდ შეითავსებდა პოლიტიკურ ფუნქციას.
  • ახალგაზრდების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობა ძალიან დაბალია. პოლიტიკური, სამოქალაქო ან მოხალისეობრივი აქტივობის შესახებ გამოკითხვიდან ჩანს, რომ ყოველი 4 რესპონდენტიდან 3 არცერთში არ ყოფილა ჩართული. გამოკითხულთა 63% არ ჩართულა არანაირ აქტივობაში. იმ ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება, ოდნავ უფრო მაღალია საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებთან შედარებით.
  • ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალია. გამოკითხულთა მხოლოდ 17 პროცენტს მიუღია მონაწილეობა საკუთარი თემის ან სამეზობლოს პრობლემის გადაჭრაში, 14 პროცენტს გამოუხატავს აზრი ონლაინ საჯარო სივრცეში ან დებატებში მიუღია მონაწილეობა, იმავე რაოდენობის ახალგაზრდას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისეობის გამოცდილება, ახალგაზრდების 9 პროცენტმა შეწყვიტა რაიმეს ყიდვა პოლიტიკური ან გარემოსდაცვითი მიზეზების გამო ან გააკეთა შემოწირულება რომელიმე ორგანიზაციისთვის. გამოკითხულთა 8 პროცენტს მოუწერია ხელი პეტიციისთვის და მონაწილეობა მიუღია დემონსტრაციაში. მხოლოდ 7 %-ს აქვს პოლიტიკურ პარტიასთან ან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება. პოლიტიკით დაინტერესება და პოლიტიკურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება ასოცირდება სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან.
  • ახალგაზრდები სირთულეებს უმთავრესად ეკონომიკურ პრობლემებში ხედავენ. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (42%) ყველაზე მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 30% – მზარდ ფასებს, 9% – განათლებას და 7% – შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას.
  • მემარცხენე-მემარჯვენეობისთვის თავის მიკუთვნებულობა საქართველოს შემთხვევაში უკიდურესად პრობლემურია კვლევის იმ მონაცემის გათვალისწინებით, რომ ბევრი ახალგაზრდა ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკას. ახალგაზრდებს ასევე გაუჭირდათ საკუთარი თავის მონიშვნა მემარცხენე-მემარჯვენეობის სკალაზე, ვინაიდან ეს ცნებები მათ მხოლოდ ბუნდოვნად ესმით.

  • ბევრი რესპონდენტი მიიჩნევდა უფრო მემარჯვენედ მემარცხენე პოლიტიკის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საარსებო მინიმუმის კონტროლი, სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ფლობა, გარემოს დაცვის მიზნით კონკრეტული ნივთების მოხმარების აკრძალვა და უფასო ჯანდაცვა. ის ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით, აქვთ სამოქალაქო ან პოლიტიკური ჩართულობის გამოცდილება, და უმაღლესი განათლება, დებულებებს უფრო სწორად ათავსებდნენ მემარცხენე-მემარჯვენეობის სკალაზე, ვიდრე სხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლები.
  • მთლიანობაში, გამოკითხულთა 12% ათავსებს თავს პოლიტიკური სპექტრის მარცხენა პოლუსზე, ყველაზე დიდი ნაწილი (34%) თავს ცენტრისტად მიიჩნევს, ხოლო 24% მემარჯვენედ. ახალგაზრდების 28% გაუჭირდა პასუხის გაცემა. საგულისხმოა, რომ 17% თავს იდეოლოგიური სპექტრის უკიდურეს პოლუსებზე ათავსებს.

 

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე; საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით,  კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი  კლასტერული შერჩევის საფუძველზე.  რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა,  სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.