ახალგორის მცხოვრებთა ნაწილს ე.წ. საზღვრის გადალახვა ორ თვეში ერთხელ შეეძლება

პუბლიკა

ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორის ის მოსახლეები, რომელთაც არ აქვთ რუსეთის ან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და ქართულ პენსიას იღებენ, რეგიონის დატოვებას პერიოდულად შეძლებენ. ცხინვალი ორ თვეში ერთხელ ე.წ. რაზდახანის (სოფელ მოსაბრუნის) გამშვებ პუნქტს გახსნის. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო REC ავრცელებს.

ახალგორელი პენსიონერებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი ამჟამად ღიაა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, რეგიონში მცხოვრები პენსიონერები მიმოსვლას 6 თებერვლამდე შეძლებენ.

ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი თბილისისკენ დილის 8-დან 11 საათამდე, ხოლო ცხინვალისკენ საღამოს 5-დან 8 საათამდე გაატარებს მოსახლეობას.

ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონკრეტულად როდის გაიხსნება ხელმეორედ რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი, მოგვიანებით გამოცხადდება.

ახალგორის რაიონის ე.წ. გამშვები პუნქტი, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის სექტემბრიდან ჩაიკეტა და ეს გადაწყვეტილება სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს მშენებლობას დაუკავშირდა.

ოკუპირებულ ახალგორში მიმოსვლის განახლებას ქართული მხარე ევროკავშირის წარმომადგენლებსა და სხვა პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვეა მოითხოვს, რადგან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმოსვლის აკრძალვამ ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლებს ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა.