ახალგორში მცხოვრებთა ნაწილისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი, სავარაუდოდ, დროებით გახსნეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რამდენი ხნით გაიხსნა ეს ე.წ. გამშვები პუნქტი.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 24 პენსიონერი იმყოფება“, – განუცხადეს „პუბლიკას“ სუს-ში.

ახალგორის რაიონის ე.წ. გამშვები პუნქტი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით 2019 წლის სექტემბრიდან ჩაიკეტა. ეს გადაწყვეტილება სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს გაკეთებას მოჰყვა.

ოკუპირებულ ახალგორში მიმოსვლის განახლებას ქართული მხარე ევროკავშირის წარმომადგენლებსა და სხვა პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვეა აყენებს, რადგან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმოსვლის აკრძალვამ ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლებს ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა.