ახალგორში მძიმე პაციენტებს გეგმურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებიან – DRI

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ახალგორელ პაციენტებს არც თბილისში გადმოსვლის უფლებას აძლევენ და თავად ახალგორში გეგმურ ჰოსპიტალიზაციაზეც  უარს ეუბნებიან.

DRI-ის ინფორმაციით, ახალგორელებისთვის მომსახურების შეზღუდვას თავდაპირველად კორონავირუსის საფრთხით ხსნიდნენ, მაგრამ ცხინვალში ოფიციალურად არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ აქვთ. დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქებაც დაიწყო და 3 სასუნთქი აპარატი ჩრდილო ოსეთსაც კი გადასცე, თუმცა მდგომარეობა განსხვავებულია ახალგორში.

„ცხინვალში შერბილებული პოლიტიკის ფონზე, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა ახალგორში, სადაც გამძაფრებულია დისკრიმინაციის ფაქტები. ადგილობრივი საავადმყოფოს ადმინისტრაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირებსა და მძიმე დიაგნოზის პაციენტებს გეგმურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს უცხადებს. ამას ემატება ისიც, რომ მძიმე პაციენტებს არც თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობას აძლევენ“, – წერს DRI.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ყველაზე მძიმე პრობლემა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების არარსებობაა და შედარებით გამარტივებული გადაადგილების პირობებში, როდესაც გორში ან თბილისში ჩამოსვლა შეეძლოთ, პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა ახალგორში მცხოვრებმა მძიმე პაციენტებმა გეგმური სამედიცინო დახმარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ“, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.