ახალი არჩევნები შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი - EPP

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ ეხმაურება.

„ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა.

ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, საჭიროა ვითარების დაუყონებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი“, – ნათქვამია EPP-ის განცხადებაში.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციის ორგანიზებით 3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.