ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის ისტორიული დღე. ახალი ერა დაიწყო“, – აღნიშნა ნიინისტომ პრესკონფერენციაზე.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი ინტერესია, რომ რატიფიკაციის პროცესი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარიმართოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რატიფიცირებული უნდა იყოს ქვეყნის პარლამენტის მიერ. პრემიერ- მინისტრის თქმით, პარლამენტი უახლოეს დღეებში დაადასტურებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე.
ნატოში გაწევრიანებას გეგმავს შვედეთიც. მედიის ცნობით, გაწევრიანების განაცხადს შვედეთი უახლოეს მომავალში წარადგენს. ნატოს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ.
ფინეთი და შვედეთი ამ დრომდე თავს იკავებდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისგან, მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა სკანდინავიის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა NATO-ში გაწევრების სურვილი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას უკვე დაუჭირეს მხარი ფინეთის პარლამენტში.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინელ კოლეგას, საული ნიინისტოს უთხრა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და ნატოში გაწევრება მაშინ, როცა ფინეთისთვის საფრთხე არ არსებობს, შეცდომა იქნებოდა, რამაც შესაძლოა დააზიანოს ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის.