„ახალი ღაზა" | 20-პუნქტიანი გეგმა ტრამპი-ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა

პუბლიკა

ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა.

თეთრმა სახლი ტრამპის მიერ შემუშავებულ 20-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

გეგმაში საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეთა გაცვლაზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ღაზის მართვა, თავდაპირველად, გადავა ტექნოკრატიული კომიტეტის ხელში, ასევე შეიქმნება „სამშვიდობო საბჭო”, რომელშიც ჩართული იქნებიან თავად ტრამპი და ტონი ბლერი, გეგმაში საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ა.შ.

რა წერია 20-პუნქტიან გეგმაში:

  1. ღაზა გახდება დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი, რომელიც მეზობლებს საფრთხეს აღარ შეუქმნის;
  2. ღაზა განახლდება მისი ხალხის სასარგებლოდ, რომლებმაც საკმარისზე მეტად იტანჯეს;
  3. თუ ორივე მხარე დაეთანხმება ამ წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე დაიხევენ უკან ტყვეთა გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად. ამ პერიოდში ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა, შეწყდება, ხოლო საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება საბოლოო ეტაპობრივი გასვლის პირობების შესრულებამდე;
  4. ისრაელის თანხმობიდან 72 საათში, ჰამასმა უნდა დააბრუნოს ყველა მძევალი, ასევე დაღუპულების ნეშტები;
  5. ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ ისრაელი გაათავისუფლებს 250 უვადო პატიმარს და ასევე 1700 ღაზელს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ იქნენ დაკავებული (ქალებისა და ბავშვების ჩათვლით). თითოეული ისრაელი მძევლის ნეშტის დაბრუნების სანაცვლოდ ისრაელი გადასცემს 15 გარდაცვლილი ღაზელის ნეშტს;
  6. ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ „ჰამასის“ წევრები, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დათანხმდებიან და განაიარაღდებიან, ამნისტიას მიიღებენ. „ჰამასის“ წევრებს, რომელთაც ღაზის დატოვება სურთ, უსაფრთხო გასასვლელი მიეცემათ;
  7. შეთანხმების მიღებისთანავე სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ შევა ღაზას სექტორში. მინიმუმ იმ რაოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო 2025 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, საავადმყოფოებისა და საცხობების აღდგენა, გზების გახსნა და ნანგრევების გასაწმენდად საჭირო ტექნიკის შეყვანა);
  8. დახმარების აღდგენა მოხდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე. დახმარებაზე პასუხისმგებელი იქნება გაერო და მისი სააგენტოები, წითელი ნახევარმთვარე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები…
  9. ღაზის მართვა დაეკისრება ტექნოკრატიულ, აპოლიტიკურ პალესტინური კომიტეტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირებაზე. კომიტეტში იქნებიან კვალიფიციური პალესტინელები და საერთაშორისო ექსპერტები, მას ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო გარდამავალი ორგანო — „სამშვიდობო საბჭო“, რომელსაც უხელმძღვანელებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საბჭოში იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. სხვა წევრები და სახელმწიფო ლიდერების შესახებ  მოგვიანებით გახდება ცნობილი. „სამშვიდობო საბჭო“ განსაზღვრავს და უხელმძღვანელებს ღაზის რეკონსტრუქციას იქამდე, სანამ პალესტინის ადმინისტრაცია არ დაასრულებს რეფორმების პროგრამას;
  10. შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზას აღსადგენად, სპეციალური ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, რომლებიც მონაწილეობდნენ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული თანამედროვე ქალაქების შექმნაში.
  11. შეიქმნება სპეციალური ეკონომიკური ზონა პრეფერენციული გადასახადებითა და ტარიფებით;
  12. არავის დააძალებენ ღაზის დატოვებას და ყველას მიეცემა უკან დაბრუნების საშუალება;
  13. „ჰამასი“ და სხვა დაჯგუფებები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას ღაზას მართვაში. ყველა სამხედრო, ტერორისტული და თავდასხმითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გვირაბები და იარაღის საწარმოო ობიექტები, განადგურდება და აღდგენა აღარ მოხდება. მოხდება ღაზას დემილიტარიზაცია დამოუკიდებელი მონიტორების ზედამხედველობით… „ახალი ღაზა“ სრულად მიეძღვნება ეკონომიკის აყვავებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას მეზობლებთან.
  14. რეგიონალური პარტნიორები პასუხისმგებლობას აიღებენ იმაზე, რომ ჰამასი შეასრულებს თავის პირობას და „ახალი ღაზა” მეზობლებისთვის არ შექმნის საშიშროებას;
  15. აშშ საერთაშორისო და არაბულ პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნის საერთაშორისო სასტაბილიზაციო ძალებს (ISF – International Stabilization Force), რომელიც გაწვრთნის და მხარს დაუჭერს გამოცდილ და შემოწმებულ პალესტინელ პოლიციელებს…
  16. ისრაელის მხრიდან არ მოხდება ღაზის სექტორის ოკუპაცია ან ანექსია. როგორც კი ISF ძალები დაამყარებენ კონტროლს და სტაბილურობას, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) გავლენ დემილიტარიზაციასთან დაკავშირებული სტანდარტების, ეტაპებისა და ვადების საფუძველზე, რომლებიც შეთანხმებული იქნება IDF-ს, ISF-ს, გარანტორებსა და შეერთებულ შტატებს შორის, უსაფრთხო ღაზის უზრუნველყოფის მიზნით…
  17. ჰამასის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, ზემოთხსენებული მასშტაბური დახმარების ოპერაციები ტერორიზმისგან თავისუფალ ტერიტორიებზე ჩატარდება;
  18. დაიწყება რელიგიათაშორისი დიალოგის პროცესი, რომელიც ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული;
  19. ღაზის სექტორის აღდგენის პროცესის წინსვლასთან ერთად, შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინელების თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის გზის გასახსნელად, რასაც ვაღიარებთ პალესტინელების მისწრაფებად.
  20. აშშ გახსნის დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რათა შეთანხმდნენ პოლიტიკურ ჰორიზონტზე მშვიდობიანი და კეთილდღეობიანი თანაცხოვრებისთვის.